როგორ შევარჩიოთ საიტის დიზაინი და სტრუქტურა ინდუსტრიის მიხედვით?
სტომატოლოგიური კლინიკის საიტი, რომელიც ონლაინ მაღაზიას ჰგავს, და ონლაინ მაღაზია, რომელიც მარტივ, საინფორმაციო საიტს მოგაგონებთ - ორივე ერთსა და იმავე პრობლემას აწყდება: მომხმარებელი ვერ ხვდება, სად მოხვდა და რა უნდა გააკეთოს.
კვლევები აჩვენებს, რომ ვიზიტორი საიტზე პირველ შთაბეჭდილებას დაახლოებით 50 მილიწამში ქმნის - ანუ მანამ, სანამ ერთ წინადადებას წაიკითხავს.
ამ სტატიაში მარკეტინგული კომპანია “Kibe Consulting” ვებსაიტის დიზაინისა და სტრუქტურის შერჩევის სპეციფიკაზე ისაუბრებს - რომელი პრინციპებია უნივერსალური, რა განსხვავდება სექტორებს შორის და რა უნდა გაითვალისწინოთ ჯერ კიდევ დაგეგმვის ეტაპზე, რომ საიტი როგორც მომხმარებლისთვის, ისე Google-ისთვის მარტივად აღსაქმელი იყოს.
რატომ არ არსებობს „უნივერსალური“ დიზაინი
Google-ის კვლევითმა გუნდმა 2012 წელს შეისწავლა, რა განსაზღვრავს საიტის პირველ შთაბეჭდილებას, და 2 მთავარი ფაქტორი გამოყო: ვიზუალური სირთულე და პროტოტიპულობა - რამდენად ჰგავს დიზაინი ამ კატეგორიის საიტების ტიპურ სახეს. აღმოჩნდა, რომ უჩვეულო დიზაინს მომხმარებლები ნაკლებად მიმზიდველად აფასებენ, მაშინაც კი, როცა ის მარტივია.
ამავე ლოგიკას ეფუძნება UX-ის ერთ-ერთი ცნობილი წესი - იაკობის კანონი (Jakob's Law). Nielsen Norman Group-ის თანადამფუძნებლის, იაკობ ნილსენის თქმით, მომხმარებლები დროის უდიდეს ნაწილს სხვა საიტებზე ატარებენ, ამიტომ ელიან, რომ თქვენი საიტიც ისევე იმუშავებს, როგორც ის საიტები, რომლებსაც უკვე იცნობენ.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ინდუსტრიას თავისი „ვიზუალური ენა“ და მოლოდინები აქვს:
- ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელი ეძებს კალათას ზედა მარჯვენა კუთხეში, ფილტრებს და პროდუქტის ფოტოებს;
- კლინიკის საიტზე - ექიმების პროფილებს, ლიცენზიებს და ვიზიტის დაჯავშნის ღილაკს;
- საკონსულტაციო კომპანიის საიტზე - სერვისების მკაფიო ჩამონათვალს, Case Study-ებსა და საკონტაქტო ფორმას.
დიზაინი ნდობასაც პირდაპირ განსაზღვრავს. სტენფორდის უნივერსიტეტის ცნობილ კვლევაში მონაწილეების თითქმის ნახევარმა (46.1%) საიტის სანდოობა ნაწილობრივ მისი საერთო ვიზუალური იერით შეაფასა - განლაგებით, შრიფტებითა და ფერებით. Contentsquare-ის მაგალითი კარგად აჯამებს ამ იდეას: ბუღალტრის მაძიებელი მომხმარებელი, დიდი ალბათობით, დატოვებს საიტს, რომელიც ნათელი ფერებითა და Comic Sans შრიფტითაა გაფორმებული.
3 კითხვა, რომელსაც დიზაინის შექმნამდე უნდა უპასუხოთ
პროფესიონალი დიზაინერი სამუშაოს ფერების პალიტრით არ იწყებს. პირველ რიგში, ის ბიზნესის მიზნებსა და მომხმარებლის ქცევას აანალიზებს:
- რა არის საიტის მთავარი მიზანი? - გაყიდვა, ლიდების მოზიდვა, ვიზიტის დაჯავშნა, ბრენდის ცნობადობის გაზრდა თუ რეკლამიდან შემოსავლის მიღება? მთავარი მიზანი განსაზღვრავს, რომელი ღილაკი (CTA) იქნება ყველაზე თვალსაჩინო და როგორ აიგება გვერდების იერარქია.
- ვინ არის მომხმარებელი და რა მოწყობილობიდან შემოდის? - B2B გადაწყვეტილების მიმღები ხშირად სამსახურში, კომპიუტერიდან ათვალიერებს საიტს, ხოლო რესტორნის ან სასტუმროს სტუმარი - მობილურიდან, გზაში. ეს გავლენას ახდენს ნავიგაციაზე, ფორმების სიგრძესა და კონტენტის სიმჭიდროვეზე.
- რა რისკს ხედავს მომხმარებელი? როცა საქმე ფულს, ჯანმრთელობას ან სამართლებრივ საკითხებს ეხება, მომხმარებელი გაცილებით ფრთხილია. Google ასეთ თემებს YMYL (Your Money or Your Life) კატეგორიად მიიჩნევს და მათ მიმართ უფრო მკაცრ სტანდარტებს იყენებს, ხოლო E-E-A-T-ის (გამოცდილება, ექსპერტიზა, ავტორიტეტი, ნდობა) ოთხ კომპონენტს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ნდობას ასახელებს.
სტრუქტურა იწყება ინფორმაციული არქიტექტურით
ხშირი შეცდომაა, როცა საიტის სტრუქტურა მენიუს დიზაინთან ერთად, „თვალით“ იგეგმება. სინამდვილეში ეს ორი სხვადასხვა რამაა: ინფორმაციული არქიტექტურა (IA) განსაზღვრავს, რა კონტენტი და ფუნქციონალი აქვს საიტს და როგორაა ის დაჯგუფებული, ხოლო ნავიგაცია ის ინტერფეისია, რომლითაც მომხმარებელი ამ სტრუქტურაში მოძრაობს. ჯერ IA იგება, შემდეგ კი ნავიგაცია.
როგორ ააგოთ სწორი სტრუქტურა:
- დააჯგუფეთ კონტენტი მომხმარებლის ლოგიკით და არა კომპანიის შიდა სტრუქტურით. ამისთვის UX-ში იყენებენ card sorting-ს (მომხმარებლები თავად აჯგუფებენ თემებს) და tree testing-ს (მოწმდება, პოულობენ თუ არა საჭირო გვერდს მენიუში).
- მენიუს ჯგუფები იყოს კომპაქტური. კარგი ორიენტირია 5–7 პუნქტი თითო ჯგუფში. უფრო გრძელი სია არჩევანს ართულებს (ჰიკის კანონი).
- მენიუს წარწერები უნდა იყოს კონკრეტული. NN/g გვირჩევს, ბმულის ტექსტი იყოს კონკრეტული, გულწრფელი, შინაარსიანი და მოკლე. „სერვისები“ უკეთესია, ვიდრე „რას ვაკეთებთ“, ხოლო „ვიზიტის დაჯავშნა“ - ვიდრე „დაგვიკავშირდით“.
- არჩიეთ ზედაპირული (flat) იერარქია. რაც ნაკლები ნაბიჯია საჭირო კონტენტამდე მისასვლელად, მით უკეთესია როგორც მომხმარებლისთვის, ისე საძიებო სისტემისთვის.
- ყოველ სერვისს და პროდუქტს თავისი გვერდი უნდა ჰქონდეს. ერთ გვერდზე ჩამოწერილი ხუთი სერვისი Google-ისთვის ხუთ სხვადასხვა საძიებო მოთხოვნაზე რანჟირების შანსს ამცირებს. სწორედ ამიტომ SEO ოპტიმიზაცია უნდა დაიწყოს არა საიტის გაშვების შემდეგ, არამედ სტრუქტურის დაგეგმვისას.
- URL-ები ააგეთ ლოგიკური საქაღალდეებით. Google-ის SEO-ს გზამკვლევი გვირჩევს თემატურად მსგავსი გვერდების ერთ დირექტორიაში დაჯგუფებას - მაგალითად, /services/website-development ან /blog/seo-audit. ეს საძიებო სისტემას ეხმარება, უკეთ გაიგოს საიტის სტრუქტურა.
ინდუსტრიების მიხედვით: რა მუშაობს და რატომ
ელექტრონული კომერცია
ონლაინ მაღაზიაში დიზაინის ყველა გადაწყვეტილება ერთ კითხვას ემსახურება: რამდენად მარტივად მიდის მომხმარებელი პროდუქტიდან გადახდამდე. Baymard Institute-ის მონაცემებით, ონლაინ კალათების საშუალოდ 70.22% მიტოვებულია. თუ „უბრალოდ დათვალიერების“ შემთხვევებს გამოვრიცხავთ, მიზეზებს შორის ლიდერობს დამატებითი ხარჯები (40%), იძულებითი ანგარიშის შექმნა (18%) და ზედმეტად გრძელი ან რთული გადახდის პროცესი (17%). Baymard-ის კვლევით, მხოლოდ გადახდის პროცესის დიზაინის გაუმჯობესებით დიდ ონლაინ მაღაზიას კონვერსიის დაახლოებით 35%-ით გაზრდა შეუძლია.
რა უნდა გაითვალისწინოთ:
- კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების ლოგიკური ხე, ფილტრები (ფასი, ბრენდი, მახასიათებლები) და მძლავრი ძიება;
- პროდუქტის გვერდზე - რამდენიმე ფოტო, ტექნიკური მახასიათებლები, მარაგის სტატუსი, მიწოდების ვადა და საბოლოო ღირებულება;
- სტუმრის რეჟიმში ყიდვის შესაძლებლობა და მინიმალური ველები ფორმაში;
- SEO-ს მხრივ: ფილტრებით გენერირებული URL-ების კონტროლი (canonical, noindex), რომ დუბლიკატი გვერდები არ შეიქმნას, და Product სქემის მარკირება.
მედიცინა და სტომატოლოგია
ჯანმრთელობის სექტორი YMYL კატეგორიის კლასიკური მაგალითია, ამიტომ აქ მთავარი ნდობაა. მომხმარებელს სჭირდება იმის დანახვა, ვინ უმკურნალებს, რა კვალიფიკაცია აქვს ექიმს და რამდენად მარტივად შეუძლია ვიზიტის დაჯავშნა. სტრუქტურულად საიტზე მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი სერვისები (თითოეული ცალკე გვერდზე), ექიმების პროფილები განათლებითა და გამოცდილებით, ფილიალები, სამუშაო საათები და ონლაინ ჯავშანი. დიზაინის თვალსაზრისით კი მნიშვნელოვანია მშვიდი, სუფთა პალიტრა, დიდი ზომის შრიფტი და კარგი კონტრასტი (ვინაიდან ბევრი პაციენტი ასაკოვანია), ასევე კლინიკისა და გუნდის რეალური ფოტოები სტოკ-სურათების ნაცვლად. ამასთან, ჯავშნის ღილაკი უნდა ჩანდეს ყველა გვერდზე, განსაკუთრებით მობილურზე, ხოლო სამედიცინო კონტენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ავტორი მითითებული, რადგან ეს E-E-A-T-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიგნალია.
ფინანსები, იურიდიული და საკონსულტაციო სერვისები
B2B და პროფესიული მომსახურების საიტებზე მომხმარებელი გადაწყვეტილებას იშვიათად იღებს პირველივე ვიზიტისას. ის ადარებს კომპანიებს, კითხულობს ქეისებს და ამოწმებს გუნდს. ამიტომ საიტის ამოცანაა ექსპერტიზის დამტკიცება და ნდობის მოპოვება.
- სტრუქტურა: სერვისების ჰაბი, საიდანაც თითოეული მიმართულება ცალკე გვერდზე გადადის; ქეისები და შედეგები; გუნდი; ბლოგი ან ცოდნის ბაზა; კონსულტაციის მოთხოვნის ფორმა;
- დიზაინი: Muted ფერები, კლასიკური ტიპოგრაფია, ბევრი თავისუფალი სივრცე, ნდობის ელემენტები (კლიენტების ლოგოები, სერტიფიკატები, შეფასებები);
- ფორმა იყოს მოკლე: სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და მოკლე აღწერა ხშირად საკმარისია.
უძრავი ქონება და მშენებლობა
ბინის ყიდვა ყველაზე მაღალი ღირებულების გადაწყვეტილებებს შორისაა, ამიტომ მომხმარებელს მაქსიმალური ვიზუალური ინფორმაცია და სანდოობა სჭირდება. სტრუქტურა უნდა აერთიანებდეს პროექტების გვერდებს, ბინების დეტალურ ფილტრს (ფართი, სართული, ოთახების რაოდენობა, სტატუსი), ინტერაქტიულ გეგმარებებს, ლოკაციას რუკაზე და მშენებლობის პროგრესს. დიზაინში აქცენტი კეთდება დიდ, მაღალი ხარისხის ვიზუალებსა და რენდერებზე, რომლებიც აუცილებლად ოპტიმიზებული უნდა იყოს სიჩქარისთვის (WebP/AVIF ფორმატები, lazy loading), ხოლო მთავარი მოქმედებისკენ მოწოდება (CTA) - ზარი, ვიზიტის დაგეგმვა ან კონკრეტული ბინის შესახებ მოთხოვნა - პირდაპირ ბინის ბარათიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
სასტუმროები, მარნები და აგროტურიზმი
სტუმართმოყვარეობის სექტორში საიტი ემოციას ყიდის. მომხმარებელმა უნდა წარმოიდგინოს, როგორ გაატარებს იქ დროს.
- სტრუქტურა: ოთახები / სახლები, გამოცდილებები (დეგუსტაცია, ტურები, მასტერკლასები), ლოკაცია და მისასვლელი გზა, ონლაინ ჯავშანი;
- დიზაინი: სრულეკრანიანი ფოტოები და მოკლე ვიდეოები, მინიმალური ტექსტი პირველ ეკრანზე, ჯავშნის ფორმა ან ღილაკი თვალსაჩინო ადგილას;
- უცხოელი სტუმრებისთვის - მრავალენოვანი ვერსიები სწორად დანერგილი hreflang თეგებით და Google Business პროფილთან ინტეგრაცია.
ავტომობილები და მოტოციკლები
დილერის საიტზე მომხმარებელი, როგორც წესი, უკვე დაინტერესებულია კონკრეტული მოდელით და ადარებს ვარიანტებს. ამიტომ სტრუქტურა უნდა მოიცავდეს მოდელების კატალოგს, თითოეული მოდელის ცალკე გვერდს კომპლექტაციებით, მოდელების შედარების ფუნქციას, ტესტ-დრაივისა და სერვისზე ჩაწერის ფორმებსა და მიმდინარე აქციებს. დიზაინის მხრივ ეფექტურად მუშაობს დინამიკური ფოტოები და ვიდეოები, 360° ხედები და მკაფიო ტექნიკური ცხრილები, ხოლო მობილურ ვერსიაზე აუცილებელია სწრაფი ზარისა და WhatsApp-ის ღილაკების გამოტანა.
მედია და ნიუს-პორტალები
ახალი ამბების საიტისთვის მთავარი მეტრიკა ნახვები და ვიზიტზე წაკითხული სტატიების რაოდენობაა.
- სტრუქტურა: რუბრიკები, ტეგები, ავტორების გვერდები, არქივი, „ასევე წაიკითხეთ“ ბლოკები; ინფორმაციით დატვირთულ საიტებზე ფუტერის ნავიგაციაც მნიშვნელოვანია;
- დიზაინი: წაკითხვადი ტიპოგრაფია, მკაფიო ვიზუალური იერარქია მთავარ გვერდზე;
- ტექნიკური: სარეკლამო ბლოკებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული ზომა, რომ განლაგება არ „ხტოდეს“ (CLS), ხოლო სტატიებს - NewsArticle სქემა.
განათლება
უნივერსიტეტებისა და სასწავლო ცენტრების საიტებს რამდენიმე, ძალიან განსხვავებული აუდიტორია ჰყავს: აბიტურიენტები, მშობლები, სტუდენტები, თანამშრომლები. სწორედ ამიტომ სტრუქტურაში გადამწყვეტია ნავიგაციის აუდიტორიების მიხედვით დაყოფა („აბიტურიენტებს“, „სტუდენტებს“), პროგრამების კატალოგი მოქნილი ფილტრებით და საიტის გამართული შიდა ძიება. დიზაინში აქცენტი უნდა გაკეთდეს სიცხადესა და ხელმისაწვდომობაზე (WCAG სტანდარტები), რეალური სტუდენტური ცხოვრების ამსახველ ფოტოებზე, ხოლო დიდი საიტების შემთხვევაში - ერთიან დიზაინ-სისტემაზე, რათა ფაკულტეტების გვერდები ერთმანეთისგან ვიზუალურად არ განსხვავდებოდეს.
კრეატიული ბიზნესი და სააგენტოები
დიზაინ-სტუდიებს, ფოტოგრაფებსა და სააგენტოებს მეტი კრეატიული თავისუფლება აქვთ - აქ საიტი თავადაა პორტფოლიოს ნაწილი.
- სტრუქტურა: შესრულებული პროექტების (პორტფოლიოს) მკაფიო კატალოგი, სერვისების ჩამონათვალი და მარტივი საკონტაქტო გვერდი;
- დიზაინი: გამორჩეული ვიზუალური სტილი და ბრენდის ხასიათი, თუმცა იაკობის კანონის გათვალისწინებით - ექსპერტიმენტული ანიმაციები და უჩვეულო ეფექტები არ უნდა ართულებდეს ნავიგაციასა და პორტფოლიომდე მისვლას.
ტექნიკური საფუძველი, რომელიც ყველა ინდუსტრიას სჭირდება
ინდუსტრიის მიუხედავად, არსებობს მოთხოვნები, რომელთა გარეშეც საუკეთესო დიზაინიც კი ვერ იმუშავებს:
- მობილური პირველ რიგში (mobile-first). დიზაინი ჯერ მობილურისთვის იგეგმება და შემდეგ - დესკტოპისთვის.
- სიჩქარე და Core Web Vitals. Google-ის Page Speed Insights-ის მიერ განსაზღვრული „კარგი“ მაჩვენებლებია: LCP (მთავარი კონტენტის ჩატვირთვა) - არაუმეტეს 2.5 წამი, INP (რეაგირება მოქმედებაზე) - არაუმეტეს 200 მილიწამი, CLS (განლაგების სტაბილურობა) - არაუმეტეს 0.1.
- ხელმისაწვდომობა. საკმარისი კონტრასტი, წაკითხვადი შრიფტის ზომა, alt ტექსტები სურათებზე და კლავიატურით ნავიგაციის შესაძლებლობა.
- სემანტიკური კოდი და სათაურების იერარქია. ერთი H1 გვერდზე, ლოგიკური H2–H3 სტრუქტურა.
- ინდუსტრიის შესაბამისი სქემა მარქაფები (Schema.org): Product, Dentist, Hotel, NewsArticle, LocalBusiness და სხვა.
- შიდა ბმულების სისტემა, რომელიც თემატურად დაკავშირებულ გვერდებს აერთიანებს და Google-ს საიტის სტრუქტურის გაგებაში ეხმარება.
სწორედ ამიტომ საიტების დამზადება და SEO ერთი პროცესის ნაწილი უნდა იყოს: როცა დიზაინერი, დეველოპერი და SEO სპეციალისტი ერთად გეგმავენ სტრუქტურას, საიტი გაშვებისთანავე მზადაა საძიებო სისტემაში რანჟირებისთვის და გვიანდელი, ძვირადღირებული გადაკეთება აღარ არის საჭირო.
ხშირი შეცდომები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ
- კონკურენტის საიტის ბრმა კოპირება. ინდუსტრიის კონვენციების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენი უნიკალური ღირებულება და ბრენდის ხასიათი მაინც უნდა ჩანდეს.
- ტრენდი ფუნქციონალის ხარჯზე. scrolljacking-ი (გვერდის ბუნებრივი სქროლის შეცვლა), მძიმე ანიმაციები და ავტომატური სლაიდერები ხშირად უფრო მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე სარგებელს.
- დამალული ნავიგაცია დესკტოპზე. „ჰამბურგერ“ მენიუ მობილურისთვისაა; დიდ ეკრანზე მთავარი მენიუ ხილული უნდა იყოს.
- ზოგადი სტოკ-ფოტოები. განსაკუთრებით მედიცინაში, მშენებლობასა და მომსახურების სფეროში რეალური ფოტოები ნდობას გაცილებით მეტად ზრდის.
- რედიზაინი 301 გადამისამართებების გარეშე. როცა ახალი საიტის URL სტრუქტურა იცვლება და ძველი გვერდები სწორად არ მისამართდება, საიტმა შეიძლება ორგანული ტრაფიკის დიდი ნაწილი დაკარგოს.
- SEO-ს დამატება გაშვების შემდეგ. სტრუქტურაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგვიანებით გაცილებით რთულია, ვიდრე მათი თავიდან აცილება.
პრაქტიკული ჩეკლისტი
სანამ დიზაინის საბოლოო ვერსიას დაამტკიცებთ, გადაამოწმეთ:
- განსაზღვრულია საიტის ერთი მთავარი მიზანი და შესაბამისი CTA;
- გაანალიზებულია ინდუსტრიის 3–5 წამყვანი საიტი და მათი საერთო ნიმუშები;
- ინფორმაციული არქიტექტურა აგებულია მომხმარებლის ლოგიკით;
- ყოველ სერვისს / პროდუქტს / კატეგორიას აქვს ცალკე გვერდი და ლოგიკური URL;
- დიზაინი მოწმდება ჯერ მობილურზე;
- ნდობის ელემენტები (გუნდი, ქეისები, შეფასებები, სერტიფიკატები) ჩანს იქ, სადაც მომხმარებელი გადაწყვეტილებას იღებს;
- დაგეგმილია Core Web Vitals-ის მოთხოვნები და სურათების ოპტიმიზაცია;
- SEO სპეციალისტი ჩართულია სტრუქტურის დაგეგმვის ეტაპიდანვე.
საბოლოო ჯამში, საიტის დიზაინისა და სტრუქტურის შერჩევა გემოვნების საკითხი არ არის. ის იწყება ბიზნესის მიზნით, მომხმარებლის მოლოდინებითა და ინდუსტრიის კონვენციებით, ხოლო მთავრდება ტექნიკურად გამართული, სწრაფი და საძიებო სისტემისთვის გასაგები საიტით. ონლაინ მაღაზიას სჭირდება გამარტივებული გზა ყიდვამდე, კლინიკას - ნდობა, საკონსულტაციო კომპანიას - ექსპერტიზის დემონსტრირება, სასტუმროს - ემოცია.
თუ ახალი საიტის შექმნას ან არსებულის რედიზაინს გეგმავთ, Kibe Consulting-ის გუნდი დაგეხმარებათ როგორც საიტის დამზადებაში, ისე მის SEO ოპტიმიზაციაში.
გამოყენებული წყაროები
Google Research - first impressions
Nielsen Norman Group - Jakob's Law
Baymard Institute - Cart Abandonment